დავით IV აღმაშენებლი
მეფე, რომელმაც ფენიქსივით ფერფლიდან აღადგინა ქართული სახელმწიფო, ვინც აღასრულა და განასრულა თაობათა მიერ საუკუნეების მანძილზე ცრემლითა და სისხლით გამოზრდილი ოცნება ერთიან საქართველოზე.
იყო "უშიში ვითარცა უხორცო" და "ყოვლად უძრავი გულითა", ბრძოლაში "ლომისებრ მყვირალი" და "გრიგალივით მიმოდამქცეველი".
მან ქრისტიანული უბრალოებითა და ერთგულებით ატარა ქართველთა მეფობის მძიმე უღელი და მტრისა და მოღალატის არდამნდობი, ქვრივ-ობოლთა და სნეულთ, შეჭირვებულთა და გლახაკთ, ზღაპრულ მზეჭაბუკად მოევლინა.
მისი ღვთისმოსაობისა და გულმოწყალების გამო მრავალი "ძლევაი საკვირველი" მიანიჭა უფალმა დავითს და მათ შორის უდიდესი - დიდგორი, რომელიც დღესაც უძლეველობისა და ზეციური მფარველობის სინონიმად შთენილა ჩვენთვის, რომელიც ქართული ჯიშისა და გენის უკვდავ საგალობლად აღვლენილა ჩვენს ისტორიაში .
ანაგებით იყო გოლიათურად ტანწყობილი და ახოვანი, სულით, გონებითა და სხეულით - ბუმბერაზი, სახით - წყობილი და სახიერი.
აღადგინა და გააერთიანა თურქ-სელჩუკთა მიერ იავარქმნილი ქვეყანა, აღაშენა ქსენონები და ციხე-ტაძრები, მათ გვირგვინად კი, - გელათის სამონასტრო კომპლექსი. ორი აკადემია გახსნა - გელათისა და იყალთოსი; ახალგაზრდათაგან უნიჭიერესნი საზღვარგარეთ სასწავლებლად გააგზავნა; აკადემიები იოანე პეტრიწით და არსენ იყალთოელით დაამშვენა; მოღალატეები საზღვრებს გარეთ განასხა; მტერი შეაშინა და მტრობის სურვილი დაუკარგა...
თავად მოინახულებდა ხოლმე ქსენონებში მყოფ სნეულთ, თავად ამოწმებდა თითოეულის საგებელ-საძინებელს, სამოსს, დროდადრო თავად გადიოდა სოფელ-სოფელ, რათა არავის დაეჩაგრა ობოლი, მწირი და უპოვარი, ყოველდღიუად თავად განიკითხავდა თავის ქისიდან ღარიბ-ღატაკს.
დღეებს ბრძოლასა და ზრუნვაში აღამებდა; ღამეებს კი, - ლოცვასა და კითხვაში ათენებდა. სათნოების მომხვეჭელი, გულმდუღარედ წერდა "გალობანი სინანულისანს" - გულწრფელ აღსარებას სამშობლოსთვის შეწირული სულისას, როგორც დასტურსა და მაგალითს საკუთარ თავთან მოპოვებული დიდგორისა.



                      დიდგორის ბრძოლა


დიდგორის ბრძოლას გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. ეს გამარჯვება დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის, ქვეყნისათვის თავდადების სიმბოლოა. იმავდროულად, დიდგორი ქართული სამხედრო წარმატების ნიშანსვეტია.
არ იქნებოდა დიდგორი, რომ არა დავით IV აღმაშენებლის 32-წლიანი მოღვაწეობა. არ ექნებოდა საქართველოს ,,ოქროს ხანა,'' დიდგორზე ბრწყინვალე გამარჯვება რომ არ მოეპოვებინა. მსოფლიოს ნებისმიერი ერი ამაყობს სამხედრო წარმატებებით. ხშირად დიდი პომპეზურობით აღნიშნავენ ამ დღეს. ბუნებრივია, ქართველებსაც გვმართებს მოვუფრთხილდეთ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას და სათანადო პატივი ვცეთ სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს.
1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ვიწროებში მდგარ ქართველ მეომრებს გათვითცნობიერებული ჰქონდათ, რომ ეს დღე მათი სამშობლოსათვის, მათი ოჯახებისათვის შეიძლება გადამწყვეტი გამხდარიყო. ერი და ბერი საგანგებოდ ემზადებოდა. სამეფო კარი ჯარს საბრძოლველად ამზადებდა. ეკლესიებში ქართველთა გამარჯვებისათვის ლოცვას აღავლენდნენ. სამწუხაროდ, წერილობით წყაროებს არ დაუცავს ცნობები, როგორ ემზადებოდნენ ქართველები დიდგორის ბრძოლისათვის, ეს ამბები სამუდამოდ ჩაიკარგა ისტორიის ქართეხილებში. რამდენ უძილო ღამეს გაატარებდა დავით აღმაშენებელი ბრძოლის საბოლოო გეგმის შემუშავებისას. მტერი საკმაოდ გამოცდილი იყო და ამიტომაც ყოველივე გათვლილი, დათვლილი უნდა ყოფილიყო.
მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქარი ნელნელა მოიწევდა საქართველოს სიღრმისაკენ. მტერი დიდ იმედს ამყარებდა ამ ლაშქრობაზე. ერთხელ და სამუდამოდ ,,ჭკუა უნდა ესწავლებინათ'' ქართველთათვის, რომლებმაც არა მარტო შეავიწროეს თურქ სელჩუკები, არამედ ამიერკავკასიაში პირველობისათვის დაიწყეს ბრძოლა. 1020–1021 წლები ქართველთათვის მეტად წარმატებული იყო. დავით აღმაშენებელმა რამდენიმე დიდ გამარჯვებას მიაღწია თურქსელჩუკებთან ბრძოლაში. 1120 წლის 14 თებერვალს ქართველებმა ბოტორასთან დაამარცხეს თურქები. მალე ქალაქი ყაბალაც აიღეს და შირვანიდან განდევნეს მტერი. იმავე წლის ნოემბერში დავითმა აშორნიასთან სასტიკად დაამარცხა სელჩუკები. ქართველთა წარმატება 1121 წელსაც გაგრძელდა. ამიერკავკასიაში ქართველთა სამხედრო უპირატესობა აშკარა იყო. ამით შეშფოთებულმა განძელთბილედმანელმა ვაჭრებმა და ადგილობრივმა მაჰმადიანმა მმართველებმა სპარსეთის სულთანს სთხოვეს დახმარება საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. სულთანმა მაჰმუდ მუჰამედის ძემ მთელ მაჰმადიანურ სამყაროს მიმართა თხოვნით, შეეკრიბათ დიდი კოალიციური ლაშქარი ქართველთა წინააღმდეგ.                                                         
სულთნის თხოვნას ბევრი გამოეხმაურა. უმოკლეს ხანაში შეიკრიბა 300–400 ათასიანი არმია. მას მუჰამედის ძემ სარდლად ნეჯმ ადდინ ილღაზი დანიშნა. აღმოსავლეთში ილღაზის სახელი დიდების შარავანდედით იყო მოსილი. იგი ფლობდა ბაღდადის, მარდინისა და ალეპოს ციხექალაქებს. ილღაზმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ევროპელ რაინდებთან ბრძოლაში. 1119 წელს მან მდინარე ორონტის ნაპირებთან, .. სისხლიან ველზე სასტიკი გამარჯვების გამო ილღაზს ,,ნეჯმ ადდინი''–,,სარწმუნოების ვარსკვლავი'' უწოდეს.
 ნეჯმ ადდინ ილღაზთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობდნენ დუბაის ემირი იბნსადაყა, თოღრულ მოჰამედის ძე, თუღან არსლან კუზიანი, განძის ათაბაგი და სხვა მაჰმადიანი მმართველები. აგვისტოს დასაწყისში მაჰმადიანური კოალიცია საქართველოსაკენ დაიძრა. ილღაზი ჯერ არზრუმში მოვიდა. სწორედ აქ უნდა მოეყარათ თავი სხვადასხვა მხრიდან წამოსულ ილღაზის მოლაშქრეებს. თოღრულ მოჰამედის ძე განძის მხრიდან, ხოლო თუღან არსლან კუზიანი დვინის მხრიდან მოემართებოდა. შეხვედრა თრიალეთში იყო დათქმული. დავით არმაშენებლის ისტორიკოსის მიხედვით, მტერი ,,მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელიც თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა''. დავით აღმაშენებელი დიდგორის ვიწრობებში ელოდებოდა მტერს, რომელიც იყო ,,სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა''. სრულიად სამართლიანად მიუთითებს აკად. როინ მეტრეველი, რომ დიდგორის მდებარეობის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა დავით აღმაშენებლის მიერ მისი ბრძოლის ადგილად შერჩევა. დიდგორის ვიწრობები მტერს საშუალებას არ მისცემდა, გაშლილიყო და თავისი რიცხობრივი უპირატესობა გამოეყენებინა. მაგრამ მაჰმადიანური კოალიციის დიდგორზე შემოტყუება არც ისე ადვილი იყო. ილღაზს ჰქონდა თბილისამდე მისაღწევი სხვა გზაც. დავითის წინაშე იდგა ერთი ამოცანა, მას სამხედრო ეშმაკობით უნდა მოეტყუებინა მტერი და ისე უნდა მიეყვანა ქარტველებისათვის საჭირო პოზიციებზე, რომ ის ვერაფერს მიმხვდარიყო. სხვაგვარად გეგმა ჩაიშლებოდა. მაჰმადიან ავტორს ქემალ ადდინს აქვს ერთი ცნობა, რომელიც ნათელს ჰფენს ქართველთა სამხედრო ხრიკს. ისტორიკოსი მოგვითხრობს: ,, მუსლიმანებმა, რომლებმაც თავდაპირველად დაამარცხეს ისინი (. . ქართველები) მისდიეს მტერს და მოექცნენ მათ ზურგში მთის გადასასვლელზე ''. როგორც ვხედავთ, დიდგორი არ ყოფილა ქართველებისა და მაჰმადიანური კოალიციის დაპირისპირების პირველი პუნქტი. ამ სამხედრო კამპანიის ფარგლებში მათ მანამდეც ჰქონიათ შეტაკება, მაგრამ ქართველები მასში დამარცხებულან. აქ ერთი რამაა გასარკვევი: ქართველები მართლა დამარცდნენ თუ სტრატეგიული მიზნების გამო დამარცხების სცენა გაითამაშეს. როგორც ჩანს ეს უკანასკნელი მოსაზრება უფრო მისაღებია, რამეთუ სწორედ ამ სამხედრო ხრიკის დახმარებით დავითმა მტერი საფარში შეიტყუა. ის ვინც დიდგორზე ყოფილა დამეთანხმება, ჭკვიანი და გამოცდილი სარდალი აქ ჯარს ნამდვილად არ შეიყვანს, მით უმეტეს, თუჯარის ჯარის რიცხვობრიობაზე აკეთებს აქცენტს. ილღაზი საკმაოდ გამოცდილი იყო იმისათვის, რომ სამხედრო სტრატეგიის ეს ელემენტარული დეტალი არ სცოდნოდა. ჩვენი აზრით, ილღაზს ქართველები უკვე ,,დამარცხებული'' ეგონა, როდესაც დიდგორზე მივიდა. ამის იმიტაციადავითმა შეუქმნა. ამდენად, საქართველოს საზღვრის გადმოლახვიდანვე ილღაზს ეგონა, რომმოქმედებდა საკუთარი სამხედრო გეგმის მიხედვით, არადა ეს იყო ქართველთა მხედართმთავრების მიერ წინასწარ შემუშავებლი სტრატეგია.

1121 წლის 12 აგვისტო, გარიჟრაჟი. დიდგორის ველზე ჯერ კიდევ სიწყნარეა, მხოლოდ აბჯრის ჟღარუნი და ცხენების ფრუტუნი ისმის. აქააქ მეომრები გადასძახებენ ერთურთს. დავითმა ჯარის საბრძოლო მზადყოფნა ბრძანა. ხუცესები მეომრებს ლოცავენ. ანტიოქიის სამთავროს კანცლერ გოტიეს ცნობით, ბრძოლის დაწყების წინ დავით აღმაშენებელს მგზნებარე მოწოდებით მიუმართავს მეომრებისთვის: ,,მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რასმე გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ, ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიღუპებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ,''

ბრძოლის წინ დავითმა საგანგებოდ შეარჩია 200 მეომარი. მათ უდიდესი მისია დაეკისრა. ბრძოლის ბედი ბევრად იყო დამოკიდებული იმაზე, როგორ შეასრულებდნენ მეფის დავალებას. მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ სამშობლოს, რწმენისა და მეფის ერთგულებისათვის სიკვდილზე მიდიოდნენ. რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ ამ 200 გმირი ქართველის სახელი არ ვიცით. გათენდა. უეცრად ქართველთა ლაშქარს 200 მეომარი გამოეყო და ილღაზის ბანაკისაკენ დაიძრა. მორჩილების ნიშნად ხმლები მაღლა ჰქონდათ აწეული. მტერმა იფიქრა, დანებებას აპირებენო და კარგა ღრმად შეუშვეს ბანაკში. უეცრად ქართველებმა იარაღი იშიშვლეს და მოწინააღმდეგეს დაერივნენ. ილღაზის მეომრები დაიბნენ. სანამ გონს მოვიდოდნენ, დავით აღმაშენებელმა მტერს რამდენიმე მხრიდან შეუტია. ლაშქრის ცენტრს დავითი ედგა სათავეში. ფლანგებზე ყივჩაღთა და დემეტრე უფლისწულის ჯარები იყო განლაგებული. ბრძოლის დაწყებისთანავე დემეტრე უფლისწული დიდგორის მთიდან დაეშვა და ილღაზის არმიას გვერდიდან შეუტია. პირველივე შებრძოლებისას მტრის ბანაკი შეირყა. სარკინოზები არ ელოდებოდნენ ქართველთა ასეთ სწრაფ და ფართომაშტაბიან იერიშს. დავითმა მართლაც გენიალური სამხედრო გეგმა დაუპირისპირა ილღაზს. მტერი 300–400 ათასამდე იყო, ხოლო ქართველთა ლაშქარი 55 600 მოლაშქრისაგან შედგებოდა. სარკინოზთა რიცხვობრივი უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ ხანგრძლივ ომს ქართველთა ლაშქარი ვერ გაუძლებდა. ამიტომაც პირველ შეტევას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. ბრძოლა სამ საათამდე გაგრძელდა. მტერმა ვერ გაუძლოქართველთა იერიშს და უკუიქცა. ბრძოლის ბედი გადაწყვეტილი იყო. ილღაზის არმიას ქართველებმა დიდგორიდან 70 კმ მანძილზე სდიეს. ტყვე და ალაფი აუარებელი იყო. მართლაც, დიდგორზე ქართველობამ შეუძლებელი შეძლო. შემთხვევით არ არის, რომ დავითის ისტორიკოსი დიდგორის გამარჯვებას ,,ძლევაი საკვირველს'' უწოდებს.
ქართველი ერი ყოველთვის მოწიწებით იხსენიებდა დიდგორის გმირებს. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად კი ქართველმა ხალხმა ეროვნული დღესასწაული ,,დიდგორობა'' დააწესა.

ამრიგად, ქართველთა ლაშქარმა 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ჩემი აზრით, დიდგორის ველზე მოპოვებული გამარჯვება პირველ რიგში, ცხადია იყო ქართველი ხალხის გამარჯვება დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობისათვის ბრძოლაში, მაგრამ იგი ამასთანავე ეხმაურებოდა ამიერკავკასიისა და საერთოდ კავკასიის ხალხთა საერთო ინტერესებს, მათ ერთობლივ ბრძოლას უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ კავკასიის ხალხებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ ბრძოლის მოგებაში. ქართველთა ლაშქარში შედიოდა საქართველოს მფლობელობასა და გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების მოსახლეობაც: ყივჩაღები, ოსები, სომხები, შირვანელები და სხვა.
    დამეთანხმებით, რომ დიდგორის ბრძოლა მოიგო საქართველოს სამეფოს ლაშქარმა, მათმა თავგანწირულმა ბრძოლამ, მაგრამ მათთან ერთად იმ მშრომელმა მოსახლეობამ, რომელმაც უზრუნველყო ეს ლაშქარი ცხენებით*, იარაღ-საჭურველით, სურსათ-სანოვაგითა და ყველაფერი იმით, რაც საჭირო იყო გამარჯვებისათვის.
     ასევე ,ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ასეთ უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვების მიღწევისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლაშქრის ხელმძღვანელობას, სარდლობას, ამ მხრივაც საქართველოს ლაშქარი უნაკლო იყო. მის სათავეში იდგა საქართველოს  გამოჩენილი მხედარმთავარი და უდიდესი მოღვაწე დვით მეოთხე აღმაშენებელი.
    „ძლევაი საკვირველი“-გამარჯვება საკვირველი - ასე უწოდა დავითის ისტორიკოსმა დიდგორის ველზე მოპოვებულ გამარჯვებას.ქართლის გულში შემოჭრილი მრავალრიცხოვანი მტრის განადგურება ქართველთა შედარებით მცირერიცხოვანი ლაშქრით, ხომ მართლაც საკვირველი ძლევა იყო.
      დიდგორის ველმა, საკვირველი გამარჯვების ადგილმა, დღემდე შემოინახა 892 წლის წინათ მომხდარი ბრძოლის არა ერთი ნაკვალევი, უნდა ავღნიშნოთ, რომ დიდგორის ქედზე , „სათოვლიასა“ და „ნაბალიერების“ თავზე აღმართულ მთას ხალხი დღესაც „დავითის მთას“ ეძახის. ეს მთა ამავე სახელწოდებით აღნიშნულია რუკებზედაც და სავარაუდოდ მთის ამგვარი სახელი „დავით აღმაშენებელთან და დიდგორის გამარჯვებასთან“ უნდა იყოს დაკავშირებული. ამას გარდა, დიდგორის უმაღლესი ყორღანი ხელოვნურობის უტყუარი ნიშნების მქონეა: იგი ხალხში  შემონახული გადმოცემით „დიდგორის ბროლაში დაღუპულ ძმათა საერთო სამარეა“. გადმოცემით, ამ საერთო სამარეს გამარჯვებულმა „ლაშქარმა, აუარ- ჩამოუარა და მუჭა-მუჭა, ზოგმა კი კალთა-კალთა მიაყარა დიდგორის მიწა“ - თურმე ასე შეიქმნა ეს ხელოვნური ბორცვიც. დიდგორის ველი, მისი ბორცვები მართლაც, ალბათ, მრავლად ინახავს ჩვენთვის უცნობ და უსახელო თავდადებულ მებრძოლთა უკვე მტვრად ქცეულ ნაშთსა და იარაღ-საჭურველს.
      მრავალმა საუკუნემ გაიარა დავითის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დროიდან. 892 წელი გავიდა დიდგორის - „ძლევაი საკვირველიდან“ და მისი შედეგის -თბილისის  შემოერთებიდან. ამ ხანგრძლივ, ისტორიულ პერიოდში ქართველ ხალხს არაერთხელ ჰქონდა განსაცდელისა და ლხინის დღეები, არაეთხელ უზეიმია გამარჯვება თუ გაუზიარებია დამარცხების  მძიმე ხვედრი, არაერთხელ განუცდია დიდგორის სიხარული და კრწანისის ტრაგედია , მაგრამ არასოდეს დავიწყნია თავისი წარსული, ქვეყნისათვის თავდადებული გმირი წინაპრების სახელი.
      ილია ჭავჭავაძე დავით აღმაშენებლისადმი მიძღნილ ერთ-ერთ წერილს ასე იწყებდა: „არ ვიცი სხვა როგორ ჰფიქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს... დავიწყება ისტორიისა, მომასწავლებელია ერის სულით და ხორცით  მოშლისა... წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო-მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზე გადამბული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენილია, გაუგებარი და გამოუცნობია“.
      შეუძლებელია დიდგორის „ძლევაი საკვირველი“ დაივიწყო, რადგან მაშინ უნდა დაივიწყო, რომ ხარ ქართველი.




გამოყენებული  ლიტერატურა:
1) `ქართლის ცხოვრება~, რედ. . ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 .
2) `ქართლის ცხოვრება~, მთავ. რედ. . მეტრეველი, თბ. 2008
3) . ჩხატარაიშვილი, ივ. შაიშმელაშვილი, `დიდგორის ბრძოლა~, თბ. 1973 .

1 comment:

  1. Casino Coupon for December 2021 - RiderCasino
    Dec 18, 2021 — 카지노 Casino Promo Codes, Coupons & Deals for December 2021 메리트카지노 - Find the latest Casino 제왕카지노 Promo Codes, Coupons & Deals and claim

    ReplyDelete